ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანში ბავშვობიდანვე ყალიბდება ის ძირეული უნარები, რომლებიც მომავალში განაპირობებს მის წარმატებას. არ არსებობს მშობელი, რომელსაც არ სურს, რომ მისი შვილი იყოს ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ჭკვიანი და ბედნიერი. თუმცა ყოველთვის ვერ ვხვდებით რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ შვილების მომავალ წარმატებას. დადგენილია, რომ 3 წლამდე ბავშვებში განსაკუთრებით აქტიურად ყალიბდება თავის ტვინის სტრუქტურა და ამ პერიოდში ტვინის უჯრედები უფრო აქტიურია. ამიტომაცაა, რომ პატარები განსაკუთრებულად ისრუტავენ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას. ასე, რომ მათ მომზადებას და ინტელექტის განვითარებას შეიძლება ბავშვის დაბადებიდანვე შეუდგეთ. არ არიან მართლები ის მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 3 წლამდე არ არის საჭირო ბავშვის მეცადინეობა. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მასთან მუშაობას, მით უფრო განვითარებული იქნება თქვენი პატარა მომავალში.
არსებობს მეთოდები, რომლებიც ძალიან ადრეულ ასაკში ეხმარებიან ბავშვს კითხვის სწავლაში. კითხვის შესწავლის ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ეფუძნება იმას, რომ ბავშვს ვუჩვენოთ სურათები ქვეშ მიწერილი სიტყვებით. ამ შემთხვევაში დამახსოვრება ხდება ადვილად, ძალდატანების გარეშე. ბავშვი დაბადებიდანვე ხედავს ამ სურათებს, იმახსოვრებს, მისი ტვინი მეტად ვითარდება, ვიდრე ბავშვისა, რომელთანაც ასე არ უმუშავიათ.
ინტელექტის განვითარებისთან ერთად კარგია პატარა სავარჯიშოები, მუშაობა თითებით, ხატვა, ძერწვა და რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ ფიზიკური დატვირთვაც. თავი მაშინ მუშაობს უკეთ, როდესაც იწყებს მუშაობას ხელები.
როცა ბავშვი დადის მოსამზადებლად რომელიმე წრეზე, კურსებზე და მას ამზადებს უცხო ადამიანი, ბავშვი ყოველთვის ვერ ითავისებს ახალ ინფორმაციას. უფრო ეფექტურია, როცა სახლში მასთან ერთად მუშაობს დედა. მან ხომ ყველაზე უკეთ იცის საკუთარ შვილთან მუშაობა. ამიტომ, სახლში არ აწყენს დამატებითი ახსნა. ყველაზე მთავარი პრინციპი მეცადინეობის დროს დადებითი ემოციებია. თუ მეცადინეობა იწვევს ნეგატიურ ემოციებს, არანაირი შედეგი არ იქნება.
აქტიური სწავლება მიმდინარეობს იმ მომენტებში, როდესაც მშობელი ეფერება, გულში იკრავს და შესრულებულ დავალებას უწონებს ბავშვს. ამ დროს ის იღებს სასიამოვნო ემოციებს, რომლებიც ეხმარებიან მას ინფორმაციის დამახსოვრებაში. ბავშვი უნდა შეაქოთ, მან ხომ აუცილებლად უნდა შეიგრძნოს თავისი წარმეტება. მიღწეულით კმაყოფილების შეგრძნება სტიმულს აძლევს მას შემდეგში მუშაობისათვის.
პრობლემები ბავშვთან მიმართებაში.
ბავშვთან ურთიერთობაში პრობლემები შეიძლება წარმოიშვას მისი დაბადებიდანვე. როდესაც ბავშვი დაიბადება, მშობელს შეიძლება განუვითარდეს დეპრესია, როდესაც ის, ერთის მხრივ ძალიან გახარებულია ბავშვის გაჩენით, მეორეს მხრივ კი მშობლის როლი იმდენად მოულოდნელი, ახალი და მძიმეა მისთვის, რომ ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას ბავშვთან. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მიმართოთ ფსიქოლოგს.
ხშირია ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს ხოლმე ბავშვებში. მაგალითად, როდესაც მშობლები იყრებიან. ასეთ დროს უნდა ეცადოთ რაც შეიძლება ნაკლებად მიაყენოთ ტრამვა პატარას. 3 წლის ასაკში ბავშვს უვითარდება ძალიან ბევრი ნეგატივიზმი, ჯიუტობს, როდესაც მშობლების აზრი წინააღმდეგობაში მოდის მის აზრთან. მშობლები ვერ აცნობიერებენ, რა ემართება მათ შვილს. სიმართლე კი ის არის, რომ ბავშვი ყალიბდება, როგორც პიროვნება. მთავარია, გავიგოთ ეს და არ ვეცადოთ მასში პიროვნულობის ჩაკვლას. მერე რა, თუ ის ზუსტად ისე არ იქცევა, როგორც ჩვენ გვინდა?
ყველაფრის აკრძალვა არ შეიძლება. ბავშვის აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია აკრძალვების სწორი მიმართულება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყველა აკრძალვა უნდა იყოს საფუძვლიანი. აკრძალვები უნდა ეხებოდეს ბავშვის უსაფრთხოებას და სპეციალურ ნორმებში უნდა ჯდებოდეს. რაც მეტია აკრძალვები, მით უფრო იკეტება ბავშვი თავის თავში. ამიტომ, არ შეიძლება ყველაფერი ავუკრძალოთ, პატივი უნდა ვცეთ მასში პიროვნულობას.
ავტორი: ემილი. |