ზაფხულის დადგომისთანავე, ყველას გული დასასვენებლად მიგვიწევს. ალბათ ბევრი თქვენგანი უკვე გაექცა თბილისის მწველ მზეს და თავი მთას ან ზღვას შეაფარა.
ზაფხულში განსაკუთრებით დიდია საფრთხე მზისგან დამწვრობის ან მზის სხვა მავნე ზემოქმედებისა. მით უფრო ზღვაზე, სადაც ხშირად გვავიწყდება თავის დაცვა და დამწვრობაც არ აყოვნებს ხოლმე.
იმისათის, რომ თავიდან აიცილოთ დამწვრობა, მზის დარტყმა თუ დეჰიდრატაცია, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.
შეეცადეთ ნატურალური ბამბის ტანსაცმელი ატაროთ. რა თქმა უნდა ღია ფერის. მუქი სამოსი განსაკუთრებით იზიდავს მზის სხივებს.
სახლიდან გასვლამდე არ დაივიწყოთ ქუდისა და მზის სათვალის თან წაღება.
შეეცადეთ როგორც კი შესაძლებელი იქნება, ჩრდილში მოხვდეთ. მაქსიმალურად აირიდეთ თავიდან დიდხანს მზის ქვეშ ყოფნა. თუ მაინც მოგიწიათ, არ დაგავიწყდეთ დამცავი კრემის წასმა.
ძალიან ხშირად დალიეთ სუფთა წყალი. ეს განსაკუთრებით ბავშვებისათვის გაითვალისწინეთ. განსაკუთრებით ჭარბმა ოფლიანობამ ცხელ დღეებში შეიძლება ორგანიზმში სითხის რაოდენობა შეამციროს და ადამიანმა სისუსტე იგრძნოს, რაც ჯანმრთელობის გაუარესებით დასრულდება, თუკი ზომებს არ მივიღებთ.
თუკი ამის საშუალება გექნებათ, უმჯობესია მზეში გამოხვიდეთ 11 საათამდე ან 16 საათის შემდეგ.
ერთ წლამდე ბავშვების მზეში გაყვანა განსაკუთრებით სახიფათოა. თუ მაინც მოგიწიათ, არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი ქუდი დაახუროთ პატარას და ღია ფერის, გრილი ტანსაცმელი შეურჩიოთ.
პერლა გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას! |